ქართველი მწერლები

შოთა რუსთაველი

რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა ვეფხისტყაოსანი. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

წარმომავლობა

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელიშოთაჲსა “, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, . . ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები . აბაშიძე, . წერეთელი, . შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაშირუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.
განათლება
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
მემკვიდრეობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ..



სულხან-საბა ორბელიანი
სულხან-საბა ორბელიანი (ერისკაცობაში სულხან ორბელიანი, ბერად დაერქვა საბა; . 24 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი . 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.


ბიოგრაფია
სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედათამარი ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI- მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716). 1710 წლის 1 დეკემბრიდან - 1711 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ხვარასანში, ქაიხოსრო მეფესთან. სამშობლოში დაბრუნდა 1711 წლის 11 მაისს. 1712 წლის 23 აპრილიდან - 2 ნოემბრამდე ვახტანგ მეფესთან ერთად ისპაჰანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 20 დეკემბერს. 1713 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთშიგაიპარა“, მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია და რომი. შეხვდა რომის პაპს კრანდუკს. უკან მობრუნებულს რომის პაპმა წმინდა ჯვრის ნაწილი, წმინდა კლემენტოს თავი და და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა. 1715 წლის 19 იანვარს კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც შეუდგალექსიკონისწერას, რომელიც 1716 წლის 20 იანვარს დაასრულა.
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV- და რომის პაპს კლიმენტი XI-, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).
1724 წელს, როცა ვახტანგ VI- რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.[1][2]
შემოქმედება
ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისიქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული სიბრძნე სიცრუისა („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფაბულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი ოდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.

სულხან-საბას ძეგლი ბოლნისში
სიბრძნე სიცრუისა აღადგენს ქართული პროზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888), ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანისმოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაშისაყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.
ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაშისამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, . . „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთანსიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად დაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა ქილილა და დამანას საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.


ვეზირიშვილების ისტორია და ჩაშლილი დუელი ილია ჭავჭავაძესთან - რა აკავშირებს ნიკოლოზ ბარათაშვილს ფოლად ბიულ-ბიულ-ოღლისთან?



"ყველასთვის ცნობილია ილიას, აკაკის და იაკობის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ისინი ცილინდრებით არიან გამოსახულნი. სინამდვილეში ეს ფოტო გვიანდელი მონტაჟია. თავიდან სურათზე გამოსახულნი იყვნენ ილია, მიხეილ ვეზირიშვილი და აკაკი - სამი მეგობარი და პატრიოტი"
თავად ვეზირიშვილებზე, მათ კავშირზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან და აზერბაიჯანელ ნავთის მწარმოებლებთან გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე
- უპირველესად გეტყვით, რომ თავადი ვეზირიშვილები პირველად იხსენებიან იოანე ბატონიშვილის შრომაში.
"შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა", სადაც მითითებულია, რომ თითქოს ისინი წარმოშობით სპარსელები ყოფილან. ცნობილია ისიც, რომ გიორგი ვეზირიშვილი იყო ერეკლე მეორის ერთგული მოხელე და კრწანისის ომის გმირი.
სწორედ მის შვილიშვილს დიმიტრი ვეზირიშვილს (გენერალ - მაიორი, ყირიმისა და რუსეთ - თურქეთის (1877-78..) ომის მონაწილე) ჰყავდა ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილის და - ბარბარე. ისინი ცხოვრობდნენ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, რომელიც ვეზირიშვილებს ეკუთვნოდათ. 

ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილები გიორგი და მიხეილი


ნიკოლოზ ბარათაშვილის მამამ მელიტონმა შვილის და ცოლის გარდაცვალების შემდეგ, თურმე სიძე - ქალიშვილს შეაფარა თავი და 4 წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა (1860.) ის ოსიაურის ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს და დღემდე იქ განისვენებს, დიმიტრი ვეზირიშვილთან ერთად.
ფოტო: ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბარბარე

დიმიტრის და ბარბარეს შვილმა გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა გენიოსი ბიძის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციასა და პოეტის თხზულებათა პირველი გამოცემის (1915 .) საქმეში.
გიორგის ქალიშვილი ქეთევანი კი ცოლად გაჰყვა ბაქოში მცხოვრებ ნავთის მრეწველს მირზა კასიმოვს. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი - ადელია და ჯეირანი. ადელიას შვილი (მეუღლე ცნობილი კომპოზიტორი მურთუზ მამედოვი "ბულბული") გახლავთ ცნობილი მომღერალი ფოლად ბიულ- ბიულ ოღლი (თბილისის საპატიო მოქალაქე 2015.), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი გახლდათ, ამჟამად კი ამ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია რუსეთში. ბიულ- ბიულ ოღლი ვალერი ასათიანის და ჩემი მოწვევით 2015 და 2016 წლებში ორჯერ იყო ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში და ვეზირიშვილების გავერანებული სახლის აღდგენაში დახმარებას შეგვპირდა...
ვეზირიშვილების ამ შტოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: კონსტანტინე და მიხეილ ვეზირიშვილებიც. ეს უკანსაკნელი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პირველი მკვლევარი. ილიასთან, დიმიტრი ყიფიანთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბანკს უკავშირდება მისი გახმაურებული დუელი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩაიშალა.
მიხეილსვე უკავშირდება ერთი გახმაურებული ფოტოს ისტორიაც. ყველასთვის ცნობილია ილიას, აკაკის და იაკობის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ისინი ცილინდრებით არიან გამოსახულნი.

სინამდვილეში ეს ფოტო გვიანდელი მონტაჟია. თავიდან სურათზე გამოსახულნი იყვნენ ილია, მიხეილ ვეზირიშვილი და იაკობი - სამი მეგობარი და პატრიოტი.

მანანა გაბრიჭიძე
წყარო: http://www.kvirispalitra.ge/history/34712-vezirishvilebis-istoria-da-chashlili-dueli-ilia-tcavtcavadzesthan-ra-akavshirebs-nikoloz-barathashvils-folad-biul-biul-oghlisthan.html

"რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

დიდი ადამიანების შთამომავლებს თითქოს ბედისწერა წინაპრისთვის ნაბოძებ ნიჭსა და დიდებას ამადლის, ტკივილებით აზღვევინებს და სამზეოზეც გულსატკენად მცირე ადგილს უტოვებს.

ვაჟა-ფშაველას ერთადერთ პირდაპირ (შვილებიდან) მემკვიდრეს, 1923 წელს ბოლშევიკებისაგან დახვრეტილ ლევან რაზიკაშვილს, მძიმე ბედი ერგო, მეტიც - მარტო თვითონ კი არა, მისი შვილები და შვილიშვილებიც მსხვერპლი შეიქნენ. ვაჟას შთამომავლების ცხოვრება ისე მოეწყო, რომ \მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სამზეოზე, როგორც ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები... 
ლევანის ბედი კი ყველასთვის ცნობილია: როცა მას დახვრეტას უპირებდნენ, ხალხის მოსალოდნელი რეაქციით შეშინებულმა მკვლელებმა სერგო ორჯონიკიძეს მოახსენეს, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი უნდა დავხვრიტოთ და რას გვეტყვიო. მან - დაუყოვნებლივ დახვრიტეთ! რომ შემეძლოს, ვაჟას შვილს კი არა, თავად ვაჟას დავხვრეტდიო! 
არჩილ ღიბრაძეს დიდი მწერლის სიყვარული ოჯახიდან მოსდევს, ამიტომ მისი ყველა შთამომავალი გაიცნო, მოგონებები ჩაიწერა და წიგნად გამოცემასაც აპირებს.- მამაჩემს ვაჟა გამორჩევით უყვარდა და თითქოს ამ სიყვარულით დამავალა, რომ მის კვალს მივყოლოდი. ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ამ გენიოსისთვის პატივი მიგვეგო, ვაჟი მოვუკალით, ათწლეულების მანძილზე მისი შემოქმედება ავკრძალეთ, მისი სისხლი და ხორცი ისე დავაშინეთ, რომ იძულებული გახდა, ათეული წლების განმავლობაში ჩრდილში შემალულიყო. აი, ამ განცდის ამოშლა მომინდა და ამიტომაც ჩავედი გორში ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილებთან, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილებთან. 

სხედან: მარცხნიდან იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა ფშაველა და ვაჟას ვაჟი ლევანი; დგანან: თედო და სანდრო რაზიკაშვილები
- ისინი ახლაც გორში ცხოვრობენ?- დიახ. თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რატომ დამკვიდრდნენ გორში. ვაჟას პირველი ცოლის, კეკესგან, ოთხი შვილი დარჩა: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი. მათგან მხოლოდ ლევანს ჰყავდა შვილები (თამარი უშვილო დარჩა, გულქანს ერთადერთი შვილი მოუკვდა, ფეხმძიმე მარიამი ღობესთან მიაჭყლიტა ურემმა). ლევანი ხშირად დადიოდა გორში ბიძასთან, თედოსთან. იქ გაიცნო და გატაცებით შეუყვარდა ბიძის ამხანაგის, სოსო თვარელიძის ქალი თამარი და ისე სასწრაფოდ დაიწერა ჯვარი, მამისთვის არც შეუტყობინებია... ჯვრისწერის შემდეგ მამას დიდი საბოდიშო წერილი მისწერა, - ვიჩქარე, მაგრამ თამარი იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, ჩემი არჩევანი უსათუოდ მოგეწონებაო. ვაჟა გორში ჩავიდა და რძალს ოქროსსამაჯურიანი საათი და ყელსაბამი აჩუქა. თამარმა 1987 წლამდე იცოცხლა.
- კი მაგრამ, საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ფული ვაჟას?!- იმდენად თავმოყვარე კაცი იყო, თუ არ ჰქონდა, ისესხებდა. სადაც უსინდისო მედუქნეს სცემა და მერე 3 მანეთი დაუდო დახლზე, ამ ჯარიმას სასამართლო მაინც გადამახდევინებსო (ცემისთვის 3 მანეთი იყო ჯარიმა, რომელიც მაშინ უზარმაზარი ფული იყო), მშიერიც რომ დარჩენილიყო, რძალს როგორ დატოვებდა უსაჩუქროდ! როცა უკანასკნელ დღეებში ვაჟა ფეხმძიმე რძალმა მოინახულა, მუცელზე ხელი დაადო და უთხრა, - ვიცი, რომ შვილიშვილი ბიჭი გამიჩნდება, მანდ ლუკააო და რძალიც ასეთი ბუმბერაზი მამამ­თილის სახელს შვილს როგორ არ დაარქმევდა!.. მერე დაიბადნენ ეკატერინე და ქეთევანი. ლუკა 9 წლის იყო, როცა ლევანი დაიჭირეს - ის მილიციაში მსახურობდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეპყრობა დაავალეს. ლევანმა შეპყრობის ნაცვლად მას საზღვარგარეთ გაქცევაში შეუწყო ხელი. ბევრი იარა მის გამოსახსნელად თამარმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარტოდარჩენილ სამშვილიან ქალს ჩარგალში, ქმრისეულ სახლში ცხოვრება არ ეწერა - როგორც ამბობენ, ვაჟას მეორე ცოლს, თამარს, არ ეჭაშნიკებოდა მისი იქ ყოფნა, ამიტომ გორში მამასთან დაბრუნდა. 
ვაჟა-ფშაველას ძმა თედო რაზიკაშვილი
თამარმა მეტად მძიმე დროში გაზარდა შვილები და ქმრის ბედით დაშინებული შვილებს დღედაღამ ჩასჩიჩინებდა, - არ გაამხილოთ, რომ ვაჟას პირდაპირი შთამომავლები ხართო. მათაც ცხოვრების ყველა ტვირთი უმაღლესი ადამიანური ღირსებით ატარეს, - იყვნენ ჩუმად, არასოდეს არავისთვის უღალატიათ, ქვეყანა არ შეურცხვენიათ. ოთხნი არიან და ცოცხლები არიან ვაჟას შვილთაშვილები, ანუ ლევანის შვილიშვილები: ნინო და თამარ რაზიკაშვილები (ლუკა რაზიკაშვილის შვილები) და გოდერძი და ლევან გოდერძიშვილები (ქეთევან რაზიკაშვილის შვილები). სწორედ ეს უკანასკნელები გავიცანი მათ ძველ სახლში. ერთად ვუსხედით სუფრას, ერთი ტკივილით ვსაუბრობდით მათ ტრაგიკულ ბედზე. ამ ხალხის ცნობიერებაში თითოეული ის ნიუანსი, რომელიც მათ, ვაჟა-ფშაველას და ლევანს ეხება, ცოცხლად არის შენახული ბებიის მონაყოლით. 
დღეს ვაჟა-ფშაველას პირდაპირი შთამომავლები 20-ნი არიან, მათ შორის 9 ბავშვია. ეს კი ქვეყნის იმედია. თუ რომელიმე მეორე ვაჟა ვერ გახდება, ქვეყანას ხომ ეყოლება და ქართველ ერს გააგრძელებს. და კიდევ: ვაჟას შვილთაშვილებისგნ ორი ისე ჰგავს ვაჟას ძმას, თედოს, შეხედვისთანავე იგრძნობ, რომ გენეტიკა უკვდავია. ესენი არიან ქეთევან რაზიკაშვილის შვილიშვილები - გიორგი და მინდია გოდერძიშვილები, კარგი ქართველები, ღირსეული ადამიანები.
...რახან ვაჟას ყველა შთამომავალთან დაკავშირება არც ისე იოლი აღმოჩნდა, შევეცადეთ, გიორგისა და მინდიას შევხვედროდით. მართალია, მინდიამ გვითხრა, ჩვენ ვაჟას შვილთაშვილობის შესაფერისი ჯერ ვერაფერი გავაკეთეთო, მაგრამ ასე არ გვგონია - ისინი არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას, არამედ ქართულ გენეტიკას აგრძელებენ და ღირსეულადაც. სხვა რომ არაფერი, თუნდაც მინდიას ორი პატარას - 6 წლის ლუკას და 4 წლის ლაზარეს ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს! სიცოცხლე გრძელდება, თანაც გენიოსის სიცოცხლე. ღმერთმა ქნას, ჩვენ მათითაც გვეამაყოს!
ეთერ ერაძე
წყარო: http://www.kvirispalitra.ge/history/29948-qrom-shemedzlos-vazhasac-davkhvretdiq-vin-arian-vazhas-namdvili-memkvidreebi.html

გალაკტიონი



წყარო: palitranews


გოდერძი ჩოხელი



გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (. 2 ოქტომბერი, 1954 . 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

ბიოგრაფია

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ქართულ ფილმში დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღდვლის ცოდვა, ადამიანთა სევდა.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა, ადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.

წიგნები

·         ბაკურხეველი ხევსური“ – 1980
·         წერილი ნაძვებს“ – 1980
·         ბინდისფერი ხეობა“ – 1981
·         ადამიანთა სევდა – 1984
·         მგელი“ – 1988
·         თევზის წერილები“ – 1989
·         მღვდლის ცოდვა“ – 1990
·         შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
·         ბალახის ცხოვრება“ – 1997
·         ბინდისფერი ხეობიდან ცამდე[1](164 რჩეული ნოველა), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა "გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი", თბ. 2013 .

ფილმოგრაფია

·         ადგილის დედა (1976)
·         წერილი ნაძვებს (1986)
·         უცხო (1988)
·         თეთრი დროშა (1989)
·         ცოდვის შვილები (1989)
·         ლუკას სახარება (1998)

პრიზები

·         გრანპრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 .
·         "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტეკარლოს კინოფესტივალზე – 1991 .
·         იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 .
·         პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 .
·         გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები" – 1997 .
·         პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "ლუკას სახარება" – 1998 .
 
წყარო: https://ka.wikipedia.org/გოდერძი_ჩოხელი










გონჩა ბეიმის პორტრეტი: როგორი იყო ბარათაშვილის შეყვარებული






წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე ახლახან იმყოფებოდა განჯასა და ნახჭევანში, სადაც ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოიკვლია და თბილისში ჩამოიტანა, მათ შორის არის იმ გონჩა ბეიმის პორტრეტი და ლექსები, ქალის, რომელიც შესაძლოა ბარათაშვილის უკანასკნელი სიყვარული იყო.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახჭევანში ოთხი თვე მსახურობდა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ სათანადო სამსახური ვერ იშოვა და ისევ განჯაში წავიდა, სადაც მაზრის უფროსად მისი ნათესავი მამუკა ორბელიანი იყო. იქ გარდაიცვალა კიდეც. ბარათაშვილის პირველი საფლავი სწორედ განჯაში, რუსული ეკლესიის ეზოში, გაითხარა. პროფესორ თამარ შარაბიძის თქმით, ახლა იქ ყოფილი საფლავის კვალი უკვე აღარ არის. ამასთან, აღარ არის მუზეუმიც, რომელიც ადრე იყო
განჯის ყოფილი მუზეუმი
განჯის ყოფილი მუზეუმი
განჯაში და ბარათაშვილს ეძღვნებოდა.
განჯისგან განსხვავებით, ნახჭევანში შემონახულია ის ქუჩა და შენობები, სადაც მე-19 საუკუნეში ჩინოვნიკები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ამ სახლში ცხოვრობდა ბარათაშვილიც. თამარ შარაბიძე ასევე საუბრობს გონჩა ბეიმზე, რომელსაც ბარათაშვილი მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილებში ხშირად ახსენებს და შესაძლოა უყვარდა კიდეც. თავად პოეტი მას ხანის ასულს უწოდებდა, მაგრამ შარაბიძე ამბობს, რომ ნახჭევანის უკანასკნელი ხანის, ქერიმ ხან ქენღერლის ასულებს შორის გონჩა არავის ერქვა, ამიტომ შეიძლება ის უფრო მისი ნათესავი ყოფილიყო.
გონჩა ბეიმი ტატომ სწორედ ნახჭევანში გაიცნო, ხანის სასახლეში, სადაც მეჯლისები იმართებოდა. მაშინდელი ხანის მემკვიდრეები უკვე რუსეთის გენერლები იყვნენ და სამშობლოშიც, გარკვეულწილად, რუსულ ყაიდაზე ცხოვრობდნენ. ამის გავლენა იყო ლიტერატურული სალონებიც, რომელსაც ნახჭევანში მეჯლისები ერქვა. გონჩა ბეიმი თავადაც წერდა ლექსებს. თამარ შარაბიძემ აზერბაიჯანის ბიბლიოთეკაში მიაკვლია ანთოლოგიას, სადაც გონჩა ბეიმის ლექსებიც არის შესული და ახლა მისი ქართულად თარგმნა აქვს განზრახული.
„ბარათაშვილსაც უნდოდა ამის თარგმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, თარგმნა თუ არ თარგმნა ეს უკვე აღარ ვიცით. არ მოგვეპოვება ეს თარგმანი. აღარ გაუგზავნია მაია ორბელიანისთვის“.
განჯის რუსული ეკლესია
განჯის რუსული ეკლესია
გონჩა ბეიმი ძალიან ადრე გათხოვილა და შემდეგ უკვე ცდილობდა ქმარს გაშორებოდა, რაც იმდროინდელ კავკასიაში ადვილი საქმე არ იყო. მათი გაყრის საკითხი მაზრის უფროსს უნდა გადაეწყვიტა. ამ თანამდებობაზე მაშინ ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი იყო დანიშნული. თვით მელიქიშვილი ამის შესახებ წერს:
„ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები“.
შემდეგ კი საქმე სხვაგვარად შეტრიალდა:
თამარ შარაბიძე
თამარ შარაბიძე
„თუმცა, შემდეგ წერილში ბარათაშვილი უარყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ქალისადმი და მაია ორბელიანს სწერს, რომ თქვენ სხვანაირად გამიგეთ, მე ეს ქალი ქმარს შევარიგე და მისი ისტორია ისეთია, რომ მთელი რომანი დაიწერებაო. ჩვენ, ლიტერატორებს, ეს გვაინტერესებს იმ კუთხით, რომ ბარათაშვილმა ნახჭევანში ორი ლექსი შექმნა და ეს ორივე ლექსი სატრფიალო ხასიათისაა. განსხვავდება სხვა ლექსებისგან, რომელთა ადრესატი ეკატერინე ჭავჭავაძეა. განსხვავდება თავისი წყობით, რითმულობით, თუნდაც იმით, რომ აქ არ არის ცისფერთვალება ასულისადმი ტრფობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს ორი ლექსი გონჩა ბეიმისადმი არის მიძღვნილი“, – ფიქრობს თამარ შარაბიძე.
„მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო.
დღისით მზევ. ღამით მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა;
დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!“
ეს არის ლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, გონჩა ბეიმს ეძღვნება. თამარ შარაბიძე ამბობს, რომ თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რამდენიმე გონჩა ბეიმი ყოფილიყო, მაგრამ მისივე თქმით, ნახჭევანში დარწმუნებულები არიან, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი სწორედ ისაა, რომელსაც ბარათაშვილი ახსენებდა. გონჩა ბეიმის ფოტო იქ ხანის მუზეუმშიც ინახება და ლიტერატურის მუზეუმშიც.
ხანის სასახლე
ხანის სასახლე
„ნახჭევანში ეს ისტორია უფრო განთქმულია და იციან და სპექტაკლიც კი დაუდგამთ, სადაც ბარათაშვილის როლს თავად თეატრის ხელმძღვანელი ასრულებდა. სპექტაკლი შეეხებოდა ბარათაშვილისა და გონჩა ბეიმის ტრფობას“.
თამარ შარაბიძე ამბობს, რომ ბარათაშვილი, მიუხედავად თავისი სევდიანი ბუნებისა, მთლიანად ჩართული იყო განჯისა და ნახჭევანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიურად დადიოდა იქაურ მეჯლისებზე და პლუს თავის წერილების ადრესატებისგან თბილისური ჭორების გამოგზავნასაც ითხოვდა.
თბილისში ბარათაშვილი ყველას იცნობდა და მაღალი წრის საზოგადოების მუდმივი სტუმარი იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ვარაუდით ვიცით, რომ ჩახრუხაძის N17, სადაც ახლა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია, მართლაც მისი სახლი იყო. მუზეუმში უშუალოდ ბარათაშვილის კუთვნილი ნივთები შემორჩენილი არაა. მუზეუმის კურატორის, ციალა ჯანყარაშვილის თქმით, აქ, უბრალოდ, შექმნილია გარემო, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისური არისტოკრატიისთვის იყო დამახასიათებელი: როიალი, ლომბერის მაგიდა ბანქოს სათამაშოდ, საწერი მაგიდა...
„ასევე საინტერესოა მე-19 საუკუნის კუთხის სავარძელი, რომელიც არის საკმაოდ უცნაური ფორმის – მასზე მჯდომ პიროვნებას შეეძლო ერთდროულად სხვადასხვა პირისთვის მიემართა. ასევე არის თარი. ცნობილია, რომ ბარათაშვილებს ჰქონდათ ოჯახში თარი და ამიტომ ჩვენთვის ძვირფასია ეს ექსპონატი“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი ამჯერად დროებით დაკეტილია და როგორც მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინო სანადირაძე ამბობს, განახლებული სახით, ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.
„ახალი საექსპოზიციო დარბაზი როგორი იქნება ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ოქტომბრის ბოლოს არამარტო თბილისის, არამედ სხვა დამთვალიერებელსაც საშუალება ექნება ნახოს, თუ რას ვეძახით თანამედროვე ექსპოზიციას, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ანიმაციური სიახლე იქნება აქ დაგეგმილი“.

    წყარო: www.radiotavisupleba.ge/a/rogori-iqo-baratashvilis-heqvarebuli/28724102.html


    ვაჟა-ფშაველას ვაჟი და დის-შვილი, რომლებიც დახვრიტეს - უნიკალური ფოტო და ტრაგიკული ისტორია


    ამ ფოტოზე შუაში ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევანი დგას. მარჯვნივ მიხა რაზიკაშვილია, ვაჟას დისშვილი, ასევე რეპრესირებული. 37-ში დახვრიტეს. მარცხნივ კი იოსებ მთვარელიძეა, ლევანის ცოლისძმა და მეგობარი.

    ამ ორი ქალბატონიდან მარცხენა ლევანის ცოლია, თამარი. მარჯვნივ კი სალომეა, მიხა ხელაშვილის და.

    აი ის სალომე, მიხას მკვლელობის ადგილიდან, მოკლულის ნაწილები კალთით რომ აკრიბა და დედის გვერდით დაასაფლავა, მერე ძმის ნეშტი მოიპარა დუშეთის პოლიციის ეზოდან და ჩარგალში ჩააპარა, ჩუმად, ქურდულად, თავდასხმის მოლოდინში მთელი ღამე რომ თხრიდა საფლავს!



    ეს ფოტო 1919 წელს არის გადაღებული გორში. სალომე, ჩარგლის ეკლესიის მოძღვრის, თევდორე ჟამიაშვილის ცოლი, უკვე მეგობრობს ლევან რაზიკაშვილის ოჯახთან. აქ ჩანს, რომ საზეიმოდ გამოწყობილი, გორში სტუმრობს თავის დობილს, თამარს

    ლევანი ჯერ კიდევ არ არის გადმოსული ჩარგალში საცხოვრებლად. ჯერ არც მიხა ხელაშვილი გადმოსულა ჩარგლის ეკლესიაში მედავითნეთ, მაგრამ ორივე ძალიან მალე, თითქმის ერთდოულად (1919–20 ) ჩამოვლენ აქ და თითქმის ერთდროულად, თავიანთი სისხლით დაწერენ საქართველოს ისტორიის რამდენიმე ფურცელს! ბრძოლის, ღალატის, თავდადებისა და გმირობის ფურცლებს!

    ამ ფოტოზე, აპარატთან მოკეკლუცე ქალბატონებმა, ჯერ კიდევ არ იციან, რამდენი ღამის 


    გატარება მოუწევთ ერთად, ტყეში, დახვრეტის შიშით გახიზნულებს


    ჯერ კიდევ არ იციან რა კალო დატრიალდება მათ ქვეყანაში და მათ ოჯახებში! თუ სალომე იმას მაინც ახერხებს, რომ მკვდარი ძმა მოიპოვოს, თამარი ვერასოდეს ვერ ნახავს ვერც მეუღლეს, ვერც მის საფლავს!


    როდესაც მიხეილ მთვარელიძე, აი ის, პირველი რომ დგას ფოტოზე, თავისი დაქვრივებული დისა და დისშვილების გორში წასაყვანად ჩარგალში ჩამოვა, ცხენზე გადაკიდებულ ხურჯინში, აქეთ-იქედან, ლევანის პატარა ქალებთან ერთად, ხელაშვილის ფოტოც დევს. სალომე თავისი ძმის ფოტოს თამარს გაატანს ჩუმად, შესანახად. რომ უპოვონ ცეცხლში დაწვავენ ფოტოსთან ერთად. თამარი კი დიდი საფრთხის მიუხედავად წაიღებს და ათწლეულების მანძილზე ინახავს!

    წყარო: https://www.shin.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1492%3Avazha-pshavelas-vazhi-da-dis-shvili-romlebits-dakhvrites-unikaluri-poto-da-tragikuli-istoria&catid=19%3Amozaika&Itemid=108



    გალაკტიონის იშვიათი ფოტო




    მაია ჯალიაშვილი


    მშვენიერების საიდუმლო – გალაკტიონ ტაბიძის “თოვლის” სწავლებისათვის



    27 თებერვალი 2018 წ.

    რით იქმნება თუ იქსოვება მშვენიერება?
    შეიძლება დეტალების აღწერა, მაგრამ მთლიანობაში სრულყოფილ პასუხს ვერ მოიხელთებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოეზიის მშვენიერებაზე ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა კი, გალაკტიონის პოეზიაზე. მშვენიერ ლექსთა შორისაა `თოვლი~, რომლის შესახებ ბევრჯერ დაუწერიათ, მომავალშიც არაერთგზის ჩაუფიქრდებიან მეტაფორების ხვეულებს, სათქმელის იდუმალებას, გამოსახვის ოსტატობას, სტრიქონების სინაზესა და სინატიფეს, გამოთქმის უზადო ხელოვნებას, აზრისეულ სიღრმეებს, სიტყვათა მუსიკალურობას, მაგრამ ლექსი მაინც ამ ინტერპრეტაციების მიღმა იფარფატებს, როგორც მარადიული გამოცანა. თვითონ გამოცნობის ლაბირინთებში ხეტიალი შეაგრძნობინებს მკითხველს სიტყვაში  მოქცეული სამყაროს  ჯადოსნურ სილამაზეს. ეს ჯადო მოჩანს `თოვლშიც~.

    სიზმარია თუ რეალობა ის, რაზეც გალაკტიონი ამ ლექსში წერს? ერთიცა და მეორეც. `ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიაო~. აქ ორივე ერთმანეთში გადადის, საზღვარი კი ლივლივებს ისე, რომ მოჩვენებითი კონტური ხან აქ იხაზება და ხან იქ, მკითხველის განწყობილების შესაბამისად.
    ტიციან ტაბიძე თავიდანვე გრძნობდა გალაკტიონის გამორჩეულობას და ამგვარად აფასებდა მის პოეზიას: `მას აქვს რაღაც ჯადო, რომლითაც სულ უბრალო ფერადები წარმტაცად ბრწყინავენ, უბრალო სიტყვები რიტმულად ჟღერენ, თითქოს `ფერხულს უვლიან ნიავის ველურ სიხალისეში~.
    `თოვლი~ ერთი მომნუსხველი ყვავილია 1919 წელს გამოცემული `არტისტული ყვავილების~ ჯადოსნური კონიდან, არასოდეს რომ დაჭკნება. ამ წიგნმა მკითხველს პოეტური სამყაროს ახალი სივრცეები გადაუშალა. დემნა შენგელაია წერდა: `იყო უდაბნოება… მეცხრამეტე საუკუნის სულის დალევაში არიჟრაჟდა ანთებული XX საუკუნე. გალაკტიონ ტაბიძე მოვიდა წარსულის პანაშვიდზე და გამოიტირა იგი~.
    ეპითეტებს არ იშურებდნენ  აღტაცებულნი, ივანე იოსელიანმა გენიალური უწოდა, იოსებ იმედაშვილმა `გრძნობათა თეთრი მეფე~. ახალ ესთეტიკურ კულტურას ამკვიდრებდა ამ წიგნით პოეტი. რუსთველის სრულყოფილებამდე დახვეწილ პოეზიას ეხმიანებოდა.
    საწუთრო რომ ძილია და ჩვენ სიზმრებს ვგავართ (`ვისრამიანი~) ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ ბუნდოვანი. ამგვარი გაუმჭვირვალობა აზრისა, განსჯისა გადაჰკრავს ამ ლექსსაც. გალაკტიონს ესიზმრებოდა სამყარო და იმ დასიზმრებულს ხატავდა, თან, ისიც უნდოდა გადმოეცა, რა ესიზმრებოდათ ყვავილებს მასზე, როგორ იცვლიდა თვითონაც ფორმას სხვათა სიზმრებში. `ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელიო~ (`ალვები თოვლში~). ხანდახან სწორედ მათი, ყვავილების, ანგელოზების, ცის, მიწის, ქარის, ღრუბლებისა თუ სხვათა სიზმრებია დახატული, ამიტომაც ჭირს აზრის ლოგიკური ჯაჭვის აგება:
    `მე ყვავილები მესიზმრებოდა
    და მე ყვავილებს ვესიზმრებოდიო~ (`გული სწუხს~).
    მკითხველი სახეებისა და სიმბოლოების მიღმა დაეძებს დაფარულ სათქმელს. აღმოაჩენს, ამოიკითხავს და ცხადს გახდის ყოველივეს, მაგრამ მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ამოხსნის სიხარული ნაადრევია. ახსნილი ლექსი სულაც არ არის გასაგები, ცხადი და კვლავაც, როგორც სიზმრიდან, მოელის რაღაც წარმოუდგენელს _ აზრის, ემოციის  თვალსაზრისით.
    `შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები
    წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით~ (`სიზმრები~).
    ლექს `თოვლშიც~, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, `შადრევანივით ჩქეფს პოეტური სახეები~, რომელთა მიღმა იმალება პოეტის  წადილი, რომ ჩასწვდეს ღვთისგან შექმნილი უთვალავფერიანი სამყაროს  არსს, გაიაზროს სიცოცხლის მიზანი. სიმბოლისტური ესთეტიკითაა შექმნილი ლექსი, დაგვირისტებულია სიმბოლოებით. პირველივე სტრიქონში `მე ძლიერ მიყვარს იისფერ  თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა~ _ ყურადღებას იქცევს რამდენიმე სახე-სიმბოლო. ფერი, მუსიკა, სურნელი შერწყმულ _ გადაწნულია და იქმნება საოცარი სევდისა და სინაზის განცდა. პოეტი იდეალს მიესწრაფვის, შეურყვნელს, უმანკოს, `ქალწულებრივს~, შორეულს, იდუმალს. იისფერი თოვლი სწორედ ამგვარ ემოციას ბადებს. ზამბახი, ია, იასამანი _ არსებითად, ერთი ფერია, შორეულსა და მწუხარებაზე მიმანიშნებელი, ამიტომაც თოვლი ხან იისფერია და ხან `ზამბახებია, წყებად დაწვენილი~, იდუმალი, ნაზად გამბანგავი, მსუბუქად დამათრობელი სურნელით, რაც საკმარისია პოეტური ექსტაზისთვის, შთაგონებისთვის, როდესაც აბსტრაქცია ხორციელ სახეს იღებს, ხოლო  რეალური და მიწიერი კი აბსტრაგირდება.
    თოვლის `ფერადებით~ სავსეა გალაკტიონის პოეზია, ფერმწერის თვალით უყურებდა სამყაროს პოეტი და თოვლიც ფიქრისა და  განწყობილების, ე. ი. მზის შუქის _ კლება _ მატების მიხედვით იცვლიდა ფერს, თეთრიდან შავისკენ, ყველა ფერის ტონისა და ნახევარტონის, ჩრდილებისა თუ ნაჩრდილების სახით. `ვარდისფერი~, `მჭვარტლისფერი~, `ირიბი და ალმაცერი~, `ივლისისფერი~ _ ფერების ზღვა წამოიშლება კაშკაშა სითეთრიდან.  თანვე ეს ფერები სინათლითა და ჰაერითაა გაჟღენთილი, როგორც იმპრესიონისტთა ფერწერული ტილოები.
    ლექსის სიმბოლურ შინაარსში წარმოჩნდება ღვთისმშობლის სახეც, რომელსაც არაერთი ულამაზესი ლექსი მიუძღვნა გალაკტიონმა. ხიდზე დაფენილი ქალწულებრივი იისფერი თოვლი შეიძლება ღვთისმშობელზე მიანიშნებდეს, იდეალზე, ხიდზე, რომელმაც თავის წიაღში  მიიღო რა ღვთაებრივი სხივი, მიწა და ზეცა შეაერთა. სწორედ ღვთისმშობელთან სიახლოვით, მისი მფარველობით შეიძლება ჭეშმარიტების ძიება, სიმშვიდის მოპოვება.
    თოვლი ცხოვრების სიცივესა და გაუსაძლისობაზეც მიანიშნებს, ამავე დროს, სიცივეზე, რომელსაც აფრქვევს ყოველგვარი იდეალი, რადგან მასთან მიახლოება მაინც ფუჭი და ამაო ცდაა მოკვდავისთვის, თუმცა ამ მცდელობის გარეშე სიცოცხლეს აზრი ეკარგება.
    ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა გალაკტიონის ლექსი `ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა~, აქაც ღვთისმშობელი თოვლისაა,  აქაც იგივე მისწრაფებაა იდეალისკენ, ცხოვრების საზრისის მოპოვების სიძნელე და ამ გზაზე განცდილი ტკივილების გამოსახვაა. პოეტი ხომალდივით მიაპობს ტალღებს  (საინტერესოა პარალელი რემბოს `მთვრალ ხომალდთან~) გაშლილ და აბობოქრებულ ზღვაში და გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, ხედავს თოვლის მადონას, ფერმკრთალსა და წმინდას, რომელსაც ამკობენ ყვავილები,  იები და იადონები (`გიიადონა~), იხსენებს იესოს, რომელიც მისი `ჭაობივით უნოტიესი სულისთვის~ ეცვა ჯვარს და ეს მის წარმოსახვას ახლაც ელვასავით დაღავს, ეს მის სულში ეცმება ჯვარს კვლავაც მაცხოვარი და ტკივილისგან გულმუცელი ეფლითება, ლოცვით იქარვებს ნაღველს: `ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა~. სული კი, ლაჟვარდზე უსპეტაკესი სული, ხედავს თოვლის მადონას, ოცნებობს ვარსკვლავებზე, რომელთაგან ერთი სწორედ მისი სულის ანარეკლია, ამიტომაც სჯერა და სასოებით ელის `ვარსკვლავი იგი _ ფიქრთა საგანი _ ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე~. ეს აელვარება ხსნის გზის გამოჩენასა და `დემონზე უბოროტესი სულის~ დაძლევას მოასწავებს. ასე ილესება პოეტი ოცნებებით,  `დღეთა სინაზეს მოდებულ კორძებს~ პოეზიით აშორებს.
    `თოვლი~, როგორც მთლიანი ლექსი, ასევე მისი ცალკეული სტრიქონი და სიტყვა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ლივლივებს, კონტურებს იცვლის, ფერებსაც, ხმასაც, სურნელსაც და ხელიდან გისხლტება ილუზიურად გამომკრთალი აზრი, რადგან მთავარი გრძნობები და ემოციებია, იმ ენაზე ლაპარაკი, რომელზედაც ხეები, ყვავილები და საერთოდ, ბუნება მეტყველებს.
    ლექსის ლირიკული გმირი  საუბრობს სიყვარულის მოთმენაზე, რადგან  უდაბნოში ძნელად ხარობს რწმენის ყვავილი. თანვე დგას ხიდზე, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრის ადგილიცაა, მისტიკურად მიმანიშნებელია გაღმა სამყაროსი:
    `როგორ, საიდან… არ იცის თვითონ,
    ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი.
    მძიმეა ტვირთი? მაშ, სხვებმა ზიდონ,
    ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი~ (`ის მიდიოდა ქუჩაში ერთი~).
    როგორ იცვლება `თოვლის~ აზრობრივ _ ემოციური ინტონაციები? როგორია მხატვრულ სახეთა თანმიმდევრობის ლოგიკა? ეს არის სიზმრისეული რეალობის ფერწერული ხატება. ლირიკული გმირის ტონი ზეაწეულია, ის აღსარებას ამბობს, მაგრამ ხმამაღლა, მთელი სამყაროს გასაგონად. ეს არის `მეს~ ჩაკეტილი სივრცის გარღვევის მცდელობა. ამ შემთხვევაში, თოვლის სითეთრე თან ახშობს სივრცეს, თანვე ავლენს თეთრიდან ფერადოვნების დაბადების შესაძლებლობას. ამ პოტენციურად არსებულ ძლიერ ვნებას უეცრად თითქოს გასაქანი მიეცემა და ლირიკული გმირის გულიდან გადმოიღვრება სხვებთან განდობის წადილი, მას უნდა ქვეყნიერებას გააგებინოს, რომ უყვარს და ამ სიყვარულის ძალით გადაასხვაფეროს ყოველივე. ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრები წაშალოს, მას საკუთარი სულგულიდან გარეთ გამოაქვს მწუხარე გრძნობა, რადგან ვინც უყვარს და ვისაც ოცნებებში ელოლიავება, კვლავაც მიუწვდომელია და შორეული. თუმცა ამ მიუწვდომლობასაც ჰქონდა თავისი ხიბლი, რაც სხვა ლექსში ამგვარად გამოხატა: `რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი~ (`რაც უფრო შორს ხარ~).
    პოეტის აღმაფრენა წამით იჩრდილება სიბერის წარმოდგენაზე: `ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები~. ამ სტრიქონზე საინტერესო დაკვირვება აქვს დავით წერედიანს, რომელიც ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის, იგი  გამოძახილი იყოს  ბელგიელი ჟორჟ როდენბახის  ლექსისა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: `თოვლის ფიფქებით, როგორც ვარსკვლავებით, სავსეა ჩემი სული~. ბატონი დავითის აზრით, `აქაც მუსიკას აჩენს არა ალიტერაცია (რფ-რბ-ბრ), თუმცა იგი კარგად არის შეფარული, არამედ შეგრძნებათა გადმოცემის ემოციური სიზუსტე. თოვლით სულის ავსება გახანგრძლივებულია, დროშია განფენილი. სიტყვა `ძვირფასო~ ფრაზას ინტიმურ შეფერილობას აძლევს, თითქმის ჩურჩულამდე დაჰყავს და ამ კონტექსტში `სიბერის~ შემოტანა, რასაც ძალიან იდუმალ პოეტურ აქტსაც ვერ დაარქმევ, მოულოდნელად იდუმალ მუსიკალურ აკორდად კრავს ჩვენს შეგრძნებას~.
    სიბერის ხსენება  ტონალობას დაბლა წევს, აღმაფრენაც სადღაც ქრება და იწყება დარდების, მწუხარების გახსენება, ჩივილი უიღბლობისა და ტანჯვის გამო: `ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ / უდაბნო ლურჯად  ნახავერდები~.
    აქ, უპირველესად, სულიერი სამშობლო  იგულისხმება, სხვაგან ხომ ამბობს: `რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო~ (`ოფორტი~). ეს არის მისი მშობლიური სულიერი სამყარო, სადაც იშვა, როგორც პოეტი და სადაც ხარობს, სადაც მის `ზრდას~ რწმენა განაპირობებს. ეს არის იდეებისა და წარმოდგენების საუფლო, რომელიც ფორმას პოეტის განწყობილებების შესაბამისად იცვლის.
    ამ სათქმელს შესანიშნავად გამოხატავს თეიმურაზ დოიაშვილი: `გალაკტიონის ჭეშმარიტი სამშობლო არის პოეზია, რომელიც ერთდროულად აბსოლუტთან ზიარების საშუალებაცაა და სინამდვილესთან `შერიგების~ მიზეზიც. პოეზიის სამყაროს აღმოჩენამ სულ სხვა სინათლით გაანათა მარტოობით გატანჯული სული. რაფაელის მადონას ღვთაებრივი მშვენიერებით მოჯადოებული პოეტი დაასკვნის, რომ მიუღებელ სინამდვილეზე ამაღლების ერთადერთი გზა მშვენიერებასთან ზიარებაა~.
    აკაკი ხინთიბიძე ამ სტრიქონს: `ჩემს სამშობლოში…~ მიიჩნევს ლექსის ძირითად სახედ, რომელიც საყრდენს პოულობს `უდაბნოში~ (`ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი ქვეყანა~). მშვენიერი ტანჯვა ნიშანდობლივია `თოვლის~ ავტორისთვის… სიტყვა `დაღლილის~ თავისებური ფორმა `დაღალული~, რომელიც მძაფრ ემოციურ შეფერილობას აძლევს ამ სიტყვას~.
    სიზმრისეული ლოგიკა საგნებს და მოვლენებს ფერს უცვლის, ჩვეულ კავშირებს არღვევს და ახალს ქმნის. ეს `სამუშაო~ არაცნობიერის წიაღში ხორციელდება და ამიტომაც შეუძლებელია თვალმიდევნება და გაანალიზება. ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევდა, რომ  ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოები დიდი სულიერი რხევის შუა წელში იქმნებოდა, ცნობიერისა და არაცნობიერის თანაბარი მონაწილეობით: `გალაკტიონის პოეზიაში, ჩემი აზრით, მეცნიერულ დონეზე შეიძლება ერთმანეთისგან გაირჩეს შთაგონებით შექმნილი და შთაგონების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, დაწერილი ლექსები~. სამწუხაროდ, თვითონ ჯემალ ქარჩხაძეს ამგვარი წერილი არ დაუწერია და რომც დაეწერა, თავისი განუმეორებელი ლოგიკურ-ფილოსოფიური წიაღსვლებით და პარადოქსული აზროვნების წყალობით ბევრ საგულისხმოს წარმოაჩენდა, თუმცა მაინც საეჭვო დარჩებოდა შეფასებები, ძნელი იქნებოდა ცნობიერ-არაცნობიერის საზღვრის ზუსტი დანახვა და აღწერა.
    პოეტი შვებას იანვართან ძმობაში პოულობს და იტანჯება `ნივთიერ~ სამყაროში, თუმცა ღვთის უძვირფასეს საჩუქარს, სიყვარულს არ კარგავს და მუდამ ახსოვს `სატრფოს~ `თოვლივით მკრთალი ხელები~. ეს სიმკრთალე არმიწიერსა და იდეალურზე მინიშნებაა კვლავ. ეს ხელები დახრილია უღონოდ თოვლთა დაფნაში. უღონობა მიანიშნებს იმაზე, რომ იდეალი (ღვთისმშობელი) ვერ იფარავს პოეტს სასოწარკვეთილებისაგან, მაგრამ თოვლთა დაფნის სახეს მაინც შემოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა. დაფნის სიმწვანედ იცვლება თოვლის სითეთრე და ეს მიანიშნებს ნუგეშზე, რომელიც პოეტის სულში ფოთლებივით ჩაიფინება. დაფნის მარადმწვანეობა აგრეთვე მის ცხოველმყოფელ ძალასაც ნიშნავს, ქალი დაფნასთან ასოცირდება, ბუნებასთან, რომელმაც უნდა განაახლოს პოეტი, სიყვარულის გზით უკვდავებას აზიაროს. თოვლი, მწუხარება, ფოთლები სხვა ლექსებშიც წარმოაჩენს პოეტის სულიერ ტკივილს: `ახლა შენ არ გსურს არაფერი, ო, არაფერი, / მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები~ (`შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის~). პოეტი მზერას მიადევნებს მანდილს, რომელიც ფრინველივით დასრიალებს ჰაერში, ხან იელვებს და ხან ქრება. ეს გაელვება-გაქრობა შეესაბამება პოეტის სულიერ მღელვარებას, რწმენის მოზღვავებასა თუ მინავლებას. ღვთისმშობელზე ფიქრი აჩენს ლექსში `ხარებას~:
    `თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
    და დაღალული სიზმრით დამთოვა~.
    ხარება სიხარულზე მიანიშნებს, რომელიც მაინც ჩნდება ამ ცივ მწუხარებაში, რადგან სული ინახავს მოგონებას `მკრთალი ხელებისას~ და მანდილისას. ხარების დღესასწაული აღინიშნება იმ დღის გასახსენებლად, (25 მარტი _ ძვ. სტილით, 7 აპრილი _ ახალი სტ.) როდესაც, ლუკა მახარებლისG სახარების მიხედვით, გაბრიელ მთვარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა; `ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა~.  სწორედ ღვთისმშობლის შორეული, მაგრამ მანუგეშებელი მზერა აჩენს იმედს, რომ პოეტი შეიძლება გადაურჩეს უდაბნოს, ზამთარს, ქარს _ ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სულიერი წინააღმდეგობების აღმნიშვნელია, ისევე, როგორც ბარათაშვილის `მერანში~ (`გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდენი და ღრენი…~).
    ლექსში გაელვებული `ძვირფასი~ ქალი სიმბოლოა ღვთისმშობლისაც და `მერისაც~, შორეულისა, თანვე ქალისა, რომელთანაც აკავშირებს ტკბილი მოგონებები. თოვლიც იმგვარსავე ფარულ დარდს ასხივებს, როგორც სატრფოს ხმა. სწორედ ეს ფარული დარდია მათი სულიერი ნათესაობის დასტური.
    ლექსი გამსჭვალულია სასოწარმკვეთი მარტოობით, რომელიც გალაკტიონის სულიერ ემბლემად იქცა, იგი იყო `მარტოობის ორდენის კავალერი~ (ტიციან ტაბიძე). `დაწყევლილ~ ფრანგ და ქართველ პოეტთა დარად  ცხოვრებისეულ  თამაშში მარტო მოასპარეზე. მის პოეზიაში თავიდანვე გაისმოდა სახარებისეული ტკივილის, ჯვარზე გაკრული იესოს სიტყვების _ `რაისთვის დამიტევებ მე~ _ გამოძახილი. ამიტომაც ტიციან ტაბიძემ შენიშნა კიდევაც მის  სტრიქონზე `რომ დავიღალე მე ამ კუბოში~ _ `ეს პირველი ლამა საბაჰთანია ჩვენს პოეზიაშიო~. ეს იყო ერთდროულად მისი ტანჯვისა და სიხარულის წყარო. რადგან სწორედ ეს ეჭვი, გადაურჩებოდა თუ არ ზამთარს და ქარებს, აქმნევინებდა ლირიკულ შედევრებს.
    რევაზ თვარაძე ლექს `თოვლის~ შესახებ შენიშნავდა: `ლექსის კითხვისას სადღაც ვიყავით. ეს იყო რაღაც ნეტარი ბურანი, რომლიდანაც თავის დაღწევა არც ახლა გვსურს… ეს არის არა უბრალოდ გადმოცემა რაიმე ამბის, აზრის, განწყობილების, თუნდაც ხილვისა, არამედ არსებობის ისეთ სფეროთა წვდომა, რომელთა ნაწილ-ნაწილ შეცნობა შეუძლებელია… გალაკტიონს აბსოლუტური სმენა რომ აქვს, მისი ლექსი უჩვეულოდ მუსიკალური რომ არის, მისი შედარებები _ მოულოდნელი, ორიგინალური, მისი რითმები _ უაღრესად კეთილხმოვანი, მისი ლექსიკა _ უცდომლად შერჩეული, სინტაქსი, სტილი _ დახვეწილი, რიტმი _ გაუცვეთელი… ეს ყოველივე ოდენ სადინარია არსებითის გამოსავლენად~. ეს არსებითი სამყაროს საიდუმლოსთან ზიარების სურვილია.  ვფიქრობთ, `თოვლი~ ყველაზე მეტად ეხმიანება ლექსს `სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში~ საერთო განწყობილებით, სახეთა მუსიკალურობით, სათქმელის იდუმალებით. ემოციის გამოხატვის სრულყოფილებით, ოღონდ  `თოვლში~ მეტი იმედი და რწმენაა, რომ  `უდაბნოში~, ურწმუნოებისა და დემონურ საუფლოში, მარადი ქალწულის მანდილი დაიფარავს და შვებას მისცემს.

    წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=16087


    16 წლის ვაჟა-ფშაველა - იშვიათი ფოტო



    ვაჟა-ფშაველას უცნობი ფოტო



    ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი გულქანი



    ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე  მეუღლესთან - 

    ოლღა გურამიშვილთან ერთად




    78 წლის წინ, 1937 წლის 30 სექტემბერს, „ჩეკას" ეზოში აღსრულდა განაჩენი და ციხის ცნობილმა ჯალათმა, ასტრახანელმა თათარმა, გლეხმა ზახარ ივანეს ძე შაშურკინმა, რომელმაც დახვრეტის სანაცვლოდ ერთი ბოთლი არაყი მიიღო „ჩეკასგან", მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტა..


    ის ჯერ კიდევ 1923 წელს დააპატიმრეს და დახვრეტაც მიუსაჯეს. ბოლშევიკების ტყვიას ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ და სთხოვეს - მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო! ეტყობა, იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ სთხოვეს, ნუ დახვრეტთ, აპატიე, ვაჟას შვილიაო! ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტთო, იყო პასუხი...
    მერე დადგა საბედისწერო 30-იანი წლები.. 
    მიხეილ ჯავახიშვილი ლავრენტი ბერიასთან მივიდა რამდენიმე მწერალთან ერთად და სთხოვა, მეტეხის ეკლესია არ დაენგრია, მისი, როგორც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუშის გათვალისწინებით და იქვე განუმარტა - „ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ჩარდახში ჩასვამდნენო!”…
    ბერიამ განკარგულება კი შეცვალა ძეგლის დანგრევაზე, მაგრამ ფაქტიურად მიხეილ ჯავახიშვილის ბედი, რომელმაც ქართველ ერს მეტეხის ეკლესია კი შეუნარჩუნა, მაგრამ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო, იქვე გადაწყვიტა..
    1937 წლის 14 აგვისტოს კი მწერალი დააპატიმრეს და დაიწყო მისი არააადმიანური წამება..
    მწერლის პირველ დაკითხვას თავად ბერიაც ესწრებოდა.. როდესაც გამომძიებელმა ხელი დაარტყა მას, მიხეილ ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა გაიშხლართა. ბერია სიცილით მივიდა, გულზე ფეხი დააჭირა და უთხრა: „ახლა გადგას „ჩეკისტი” თავზეო!”
    როცა ბერია ცეკას მდივნად დანიშნეს, მიხეილ ჯავახიშვილმა ერთ მეგობარ მწერალს უთხრა: „ესღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვდგომოდა თავზეო”. ბერიამ მწერალს ეს ნათქვამი გაახსენა...
    დაპატიმრებიდან ზუსტად ერთ თვეში მიხეილ ჯავახიშვილის საქმის „ძიება” დამთავრდა და საბრალდებო დასკვნაში ჩაიწერა - „,ბრალდებული მიხ. ჯავახიშვილი გამოძიების მასალებით მთლიანად მხილებულია, რომ ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას და ჯაშუშობდა უცხოეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ, ეწეოდა მავნებლობას, აწყობდა დივერსიულ აქტებს და ამზადებდა ტერორისტულ თავდასხმებს".
    „ეგება რომელიმე თქვენგანს ათასში ერთს მაინც გაგიღიმოთ ბედმა - და ცოცხალი გადაურჩეთ ამ მხეცებს.. ნუ დამივიწყებთ..
    გადაეცით ქართველ ხალხს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ვიყავი, მასზედ ვფიქრობდი…გადაეცით, რომ იმედით სავსე 
    ვკვდები სამშობლოსათვის!"..
    ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილის უკანასკნელი სიტყვები 
    მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონი

    სიკვდილმისჯილთა საკნიდან...
    1937 წლის 30 სექტემბერს საქართველოს გენიოსი დაუხვრიტეს..





    1 comment:

    1. საინტერესო რესურსია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.

      ReplyDelete