Wednesday, December 12, 2018

ფსიქიურად დაავადებული ცოლი და შეყვარებული ქალი - კონსტანტინეს საყვარელი ქალების უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე


კონსტანტინე გამსახურდიას პირადი ცხოვრება ისეთივე მძაფრი და მშფოთვარე იყო, როგორც ეპოქა, რომელშიც მას და მის თანამედროვეებს უხდებოდათ ცხოვრება. კონსტანტინეს გენიალური რომანების შექმნას და ჩვენამდე მოტანას, როგორც ჩანს, მისი საყვარელი ქალების მხრიდან მსხვერპლი დასჭირდა - დიდი ხნის წინ დაწყებულ და მიტოვებულ "მთვარის მოტაცებას" რებეკა ვაშაძის გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა მწერალი და ბოლომდე დაასრულა კიდეც. "დავით აღმაშენებელი" კი მეორე დიდ სიყვარულს - მირანდა ფალავანდიშვილს უძღვნა, ხოლო როგორც მკვლევარი, პროფესორი სოსო სიგუა აღნიშნავს, რომ არა მირანდას ავადმყოფობა და გარდაცვალება, კონსტანტინე დაასრულებდა დაწყებულ რომანს - "თამარ"... 

- სანამ კონსტანტინე გამსახურდია ცოლად რებეკა ვაშაძეს შეირთავდა, რებეკას თანაკლასელი მოსწონდაო.

- დიახ, გიმნაზიელი კონსტანტინე რებეკა ვაშაძის თანაკლასელს, სილამაზით გამორჩეულს, ჭიათურელ ვერა აბდუშელიშვილს შეუყვარდა. კონსტანტინესაც მოსწონდა ვერა, მაგრამ მათ შორის რებეკა ჩადგა და ჭაბუკს გული აუცრუა, ვერა შენზე ჭორაობს, კოწიას დახეული ფეხსაცმელებიდან ფეხის თითები მოუჩანსო. მას შემდეგ გაბრაზებული კონსტანტინე ვერას აღარც კი დალაპარაკებია... გავიდა დრო. ჭიათურაში მასწავლებლობდნენ ვერა, რებეკა და გალაკტიონის სატრფო - ოლია ოკუჯავა. ვერას ისევ უყვარდა კონსტანტინე, თუმცა, ის უცხოეთის ნისლებს იყო გადაყოლილი და გიმნაზიის შემდეგ ვერა არც ენახა. ვერას განუქარველი სიყვარულის შესახებ კარგად იცოდა რებეკამ და სკოლაში ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე.
კოწიას უსტარებს, რომ მეტოქისთვის გული დაეწყვიტა. მოგვიანებით, ვერა ფსიქიკურად დაავადდა და მალე ისე გარდაიცვალა, რომ კონსტანტინესთვის თვალიც არ მოუკრავს... კონსტანტინე, როგორც თარაშ ემხვარი, სიკვდილის მომტანი დემონი აღმოჩნდა ვერასა და რებეკასთვის. მათ ერთნაირად დაასრულეს სიცოცხლე...
კონსტანტინე და რებეკა

- თუმცა, ვერასგან განსხვავებით, რებეკას ოცნება ასრულდა...

- მოღწეულია მრავალი უსტარი, რომელსაც ახალგაზრდა მწერალი რებეკას პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, მიუნხენიდან, ბერლინიდან, მატარებლიდან თუ ტყვეთა ბანაკიდან უგზავნიდა. (მათი ნაწილი მოგვიანებით ბუხარში შეუყრია და დაუწვავს რებეკას). ამ გზით უმტკიცებდა სიყვარულს, სწუხდა, რომ მარტო დატოვა და თავად ევროპას მიაშურა, პატიებას სთხოვდა, ალერსით უწოდებდა რების, რებიკას, რევეკას, პენელოპეს... აცნობდა თავისი ცხოვრების წვრილმანებს - როდის იყო მთვრალი, რა დალია - არაყი თუ კონიაკი, როგორ დაიწყო თამბაქოს მოწევა, როგორ უბწკინა ლოყაზე ვიღაც გერმანელმა ქალმა... რებეკას მამა, ისაია ვაშაძე, შეძლებული მღვდელი იყო. მშობლებს სასიძო არ მოსწონდათ, რადგან კონსტანტინე საეჭვო პერსპექტივის მარადიული სტუდენტი იყო - ხელთ წიგნი ეჭირა, ფული არ ჰქონდა, პრაქტიკულ საქმეს გულს ვერ უდებდა, იცვლიდა ქალაქებსა და უნივერსიტეტებს, ცხოვრობდა სხვათა დახმარების ხარჯზე. მაგრამ სატრფოსადმი საოცარ თავდადებასა და ერთგულებას იჩენდა. იყო უაღრესად გულღია, თავაზიანი და ყურადღებიანი. ჯვრისწერამდე რებეკასგან ფულს არ იღებდა, შემდეგ კი ყოველ წერილში ფულზე ჩიოდა. ერთხელ მასწავლებელმა კონსტანტინეს ვალტერ სკოტის "აივენგო" მისცა გასარჩევად, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს რებეკა ჰქვია. რებეკას ხსენებაზე ყველა კონსტანტინეს მიაჩერდა. "გამაწითლეს საძაგლადო", წერს მწერალი. "ლანდებთან ლაციცში" იგი თავის რომანულ ფათერაკებზე მოგვითხრობს, ასახელებს გერმანელ ქალებს, ზოგს გათხოვილს, ზოგსაც - გასათხოვარს, მაგრამ არა რებეკას. შეიძლება რომელიმე მათგანი რეალურად არც არსებულა, მაგრამ ადელჰაიდე ლენცთან რომანი მართალი უნდა იყოს, რადგან ეს ასული ძალიან ჰგავს ელლენ რონსერს ("მთვარის მოტაცება")

ისაია ვაშაძე ოჯახთან ერთად

- ამ სიყვარულმა რებეკას მშობლების სიჯიუტეც დაამარცხა?

- 1914 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ჯვარი თავად ისაიამ დასწერა. წყვილი გერმანიაში წავიდა. იქ ორივე დააპატიმრეს, როგორც რუსეთის მოქალაქეები. გერმანელებს რებეკა ებრაელი ეგონათ - სახელისა და მამის სახელის გამო. მოგვიანებით, რებეკაც სოციალისტ-ფედერალისტი გახდა, თუმცა, კონსტანტინე უშლიდა, პარტიულობა ქალს არ სჭირდებაო. რებეკას უმცროსი ძმები - სიმონი და დავითი ფედერალიზმს ერთგულებდნენ. როცა წითელმა ნიაღვარმა წალეკა საქართველო, მათ თავი ევროპას შეაფარეს. დავითი გერმანიაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა, ხოლო სიმონი უცხოეთის ცას ვერ შეეგუა და სამშობლოში დაბრუნდა. ბოლშევიკებმა უცხოეთში გადახვეწა არ აპატიეს და დახვრიტეს. რებეკა გალაკტიონის პირველ მეუღლესთან - ოლია ოკუჯავასთან მეგობრობდა. 1918 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ქალიშვილი, ნათელა შეეძინათ. როცა კონსტანტინეს შვილის დაბადება ახარეს, სიმამრის ოჯახში იყო. მღელვარებით გაოგნებულმა ლამპის ცხელ შუშას აკოცა და ტუჩები დაიწვა. მღვდელს გაეცინა, სიძის საქციელი კი არ მოეწონა. 

- რა გახდა ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი?

- რამდენიმე თვეში მწერალი გერმანიაში გაემგზავრა, ერთ წელში უკან მობრუნდა და მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვა ბერლინში წასვლა. რებეკამ და სიდედრ-სიმამრმა წინადადება უარყვეს - ომია, ქვეყანა იქცევა, ძუძუთა ბავშვიანი ქალი სად უნდა წავიდესო. კონსტანტინე გაჯიუტდა, თუმცა რებეკა ვერ დაითანხმა. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს თარაშის სიჯიუტეს თამარის მიერ თმების შეჭრის გამო. 1919 წლიდან, ფაქტობრივად, მათი ხანმოკლე ცოლ-ქმრობა შეწყდა - კონსტანტინე ბერლინში გაბრუნდა, რებეკა კი ჭიათურაში დარჩა - სკოლაში ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. მალე ქვეყანა უარესად აირია - კონსტანტინეს ბოლშევიკები სდევნიდნენ, არც მღვდლის ოჯახს ადგა კარგი დღე - წაართვეს სახლი, წისქვილი, ჩამოართვეს მიწები, აუკრძალეს მღვდელმსახურება. კონსტანტინე მეუღლეს სწერდა : "შენს თვალებში მე მეგულება ჩემი მზეგადაცვლილი სიჭაბუკე". 1925 წელს "დიონისოს ღიმილი" გაუგზავნა. რებეკამ რომანზე რეცენზია დაწერა. თითქოს ძველი წყენა დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მწერალი დააპატიმრეს. კონსტანტინეს გადაკარგვამ, სევდამ და დეპრესიამ ქალს ფსიქიკა შეურყია... იგი 41 წლის ასაკში ჭიათურაში გარდაიცვალა, იქვე დაკრძალეს. კონსტანტინე დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ მაშინ წერდა "მთვარის მოტაცების" პირველ სტრიქონებს და მისი სიჭაბუკის ოცნება აღდგა ქერათმიან, ცისფერთვალა თამარ შარვაშიძის სევდიან სახეში. ამის შემდეგ ქრება რებეკა კონსტანტინეს მეხსიერებიდან, თითქოს არც არასოდეს არსებულიყო...
კონსტანტინე და მირანდა

- კონსტანტინე გამსახურდიამ ცოლად 23 წლით ახალგაზრდა მირანდა ფალავანდიშვილი შეირთო...

- გამორჩეული სილამაზისა და ბუნების ასულს, მირანდას მათიკო ერქვა, იადასაც ეძახდნენ, მირანდად კონსტანტინემ მონათლა - ალბათ, შექსპირის მიხედვით. მწერალმა ის გერმანულ სკოლაში გაიცნო, სადაც თავად ასწავლიდა. მირანდა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო, მამა, ნიკოლოზი, 1924 წელს დახვრიტეს, როგორც თავადი. დედაც მალე გარდაიცვალა. ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო, - მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა - სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ. 

- ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტიც ხშირად ჰქონდა...

- კონსტანტინეს, როგორც ყველა დიდ ხელოვანს, რთული ხასიათი ჰქონდა. საშინელი დრო, რომელიც მარყუჟივით ყელზე ეხვეოდა, კიდევ უფრო უწეწავდა ფსიქიკას. მის მძიმე ცხოვრებას მირანდა მართლაც მფარველ ანგელოზად მოევლინა. მარტოობამ, შემოქმედებითმა პროცესმა, ეპოქის კოშმარმა მწერალს მკაცრი ხასიათი ჩამოუყალიბა. ეს თავს იჩენდა ცხოვრებისეულ წვრილმანებში, ხელმომჭირნეობაში, პედანტურ სიზუსტეში, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, რასაც თავდაპირველად კონფლიქტებიც მოსდევდა. ახალგაზრდა მირანდა ეჭვიანობდა, ალბათ საყვარლები ჰყავს და იმიტომ მოდის სახლში ასე გვიანო. 

- მწერლის ქალიშვილი და მირანდა თუ იცნობდნენ ერთმანეთს?

- 1936 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი თამარი შეეძინათ, 1939 წელს კი - ზვიადი. კონსტანტინე ახალი დაოჯახებული იყო, როცა საშუალო სკოლა დაასრულა და ჭიათურიდან ჩამოვიდა უფროსი ქალიშვილი ნათელა. მირანდა და ნათელა თითქმის ტოლები იყვნენ. უდედმამოდ აღზრდილი ნათელას დანახვაზე მირანდა ატირდა, ნათელასაც ცრემლები მოეძალა. მირანდა ყველანაირად ცდილობდა ნათელას უდედობა არ ეგრძნო. ნათელას უთქვამს, ფული რომ მჭირდებოდა, მამას ვერ ვეუბნებოდი, მირანდას ვთხოვდი ხოლმეო. ერთხელ ეს კონსტანტინეს გაეგო და ცოლზე გაბრაზებულა - ვერ გავიგე, ნათელა შენი შვილია თუ ჩემიო.
კონსტანტინე გამსახურდია, თამარ გამსახურდია, თათია ხაინდრავა, ზვიად გამსახურდია და მირანდა ფალავანდიშვილი-გამსახურდია

კონსტანტინეს თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის განათლებაზე. არ მოსწონდა მირანდა რომ უნივერსიტეტში სწავლობდა, ეუბნებოდა - სჯობია, ოჯახს მიხედოო. მირანდამ ეკონომიკის ფაკულტეტი დაასრულა, მაგრამ არსად უმსახურია. მეუღლეს ლიტერატურულ მუშაობაში ეხმარებოდა, თარგმნიდა, უვლიდა ოჯახსა და შვილებს, მასპინძლობდა სტუმრებს, მოგზაურობდა საზღვარგარეთ. მხოლოდ ერთხელ იყო მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ გერმანიაში, მანამადე მწერალს არ აძლევდნენ უცხოეთში წასვლის უფლებას. როგორც ზვიადი იგონებს, დედამ მას მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული და ქალისადმი რაინდული თაყვანისცემა ჩაუნერგა. 
ზვიადთან და ქალიშვილთან ერთად

- როგორც ცნობილია, მირანდაც უდროოდ გარდაიცვალა...

- მირანდა ამ ქვეყანას 56 წლის ასაკში განშორდა - უკვე მესამე სტადიაში გადასული სიმსივნე აღმოაჩნდა. ტკივილებს უხმოდ იტანდა სნეული. "კოლხური კოშკის" ეზოში დაკრძალეს 1970 წელს ის, ვისაც მწერალმა თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფი - "დავით აღმაშენებელი" უძღვნა. მირანდა დილით გარდაიცვალა. ზვიადი ექიმის ჩამოსაყვანად რუსეთში იყო წასული. ეგონათ, კონსტანტინეს ჯერ კიდევ ეძინა, ის კი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა. როცა მირანდას სიკვდილი აუწყეს, ფეხზე წამოიჭრა, კალამი ხელიდან გაუვარდა. ქანცმილეული ისევ სკამზე დაეშვა და დიდხანს იყო გარინდებული. შემდეგ მეუღლის ცხედართან მივიდა და ცხარედ ატირდა. მირანდა აქ, ეზოში უნდა დაიკრძალოსო - უთხრა ახლობლებს. პანთეონი უხსენეს. ჩემი პანთეონი იქ არის, სადაც დავიმარხებიო. მირანდას დაღუპვის შემდეგ კვლავ დეპრესიამ დარია ხელი, შინიდან არ გამოდიოდა, არავის ნახვა არ სურდა, მდუმარედ იჯდა საწერ მაგიდასთან, სიგარეტს ეწეოდა, დროდადრო წერდა და კითხულობდა ან ფანჯრიდან გაჰყურებდა გაძარცვილ ხეებს...

შორენა ლაბაძე
წყარო: https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/13894-fsiqiurad-daavadebuli-coli-da-sheyvarebuli-qali-konstantines-sayvareli-qalebis-udrood-shetsyvetili-sicockhle.html?fbclid=IwAR1uo2GrL3lkx6YAUZ7JZHtA28ot1PmD0Iv0CgWjFg6T8gXT7u_H2cp7Fek

Tuesday, June 12, 2018

ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ნიკო ბაგრატიონის უცნაური ისტორია...


ქართველი თავადის, ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის უცნაური ისტორია აქვს მოთხრობილი მწერალს იგორ ობელენსკის. ადამიანი, რომელმაც ბურების ომში გაითქვა სახელი და ზედმეტსახელად ნიკო ბური შეარქვეს, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თბილისის ცენტრში სიგარეტებს ჰყიდდა.ოცდაათიანი წლების დასაწყისში, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, იმ ადგილზე, სადაც დღეს რუსთაველის ქანდაკებაა აღმართული, თამბაქოს მოძრავი კიოსკი იდგა, რომელთანაც ყოველ დილით მოდიოდა მაღალი, ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი.თუ ვინმე გამოეცნაურებოდა და გამოლაპარაკებას შეეცდებოდა, მამაკაცი ცივად დაუბრუნებდა სალამს ან მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხებდა. არადა, მყიდველებს შორის, უამრავი ნაცნობი იყო...მეოცე ათასწლეულის პირველ ნახევარში დედაქალაქის მაცხოვრებლები შეიძლება სახელით არა, მაგრამ სახით მაინც იცნობდნენ ერთმანეთს. გამყიდველი შეკვეთას მიიღებდა, მიაწოდებდა კლიენტს სიგარეტის შეკვრას, ხურდა ფულს უჯრაში ჩააგდებდა და ისევ საკუთარ ფიქრებში წავიდოდა, გამოცოცხლებული ქალაქის ქუჩიდან ძალიან შორის.გაინტერესებთ ვინ იყო თამბაქოს კიოსკის გამყიდველი? თავად თავადი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკი. თბილისში მას სახელით იშვიათად მოიხსენიებდნენ - იგი ყველასთვის უბრალოდ "ბური" იყო. ეს ზედმეტსახელი მას ერთი შემთხვევის გამო შეერქვა, რომელმაც მაშინდელ იმპერიაში (რომელშიც, საქართველოც შედიოდა) სახელი გაუთქვა.
ნიკო ბაგრატიონი1868 წელს დაიბადა ოჯახში, რომელსაც ოდესღაც მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპირო ეკკუთვნოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ბაგრატიონების ფინანსური საქმე ცუდად წავიდა, მიწების გაყიდვა მოუწიათ. როგორც ნიკოლოზი იხსენებს, ყველაზე საწყენი იყო ტივის გაყიდვა, რომელსაცც მგზავრები მარჯვენა სანაპიროდან ავლბარში გადაჰყავდა და დიდ შემოსავალს იძლეოდა.
ნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.

გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაედოთ ვალები. ჩვენი სტატიის გმირის მამას მოუწია იმპერატორ ალექსანდრე მეორესთვის წერილი მიეწერა და 600 ათასი რუბლის ვალის პატიება ეთხოვა. წერილი ბაგრატიონების სიძემ, ისტორიკოსმა აკადემიკოსმა პლატონ იოსელიანმა დაწერა, რომელსაც ბურის მამიდა ჰყავდა ცოლად.

პლატონ იოსელიანს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა იმპერატორის ძმასთან, დიდ თავად მიხაილ ნიკოლაევიჩთან, კავკასიაში ყოფილ მეფისნაცვალთან. აღსანიშნავია, რომ დიდი თავადი დიდი დემოკრატიც იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა თბილისის ბაზრობაზე სეირნობა - იქ მას უბრალოდ "ჩვენი მიხაკოთი" მიმართავდნენ.პლატონ იოსელიანი კი, ზოგჯერ უფრო შორსაც მიდიოდა მასთან ურთიერთობაში. ერთხელ იგი ფეხზეც კი არ ადგა, როცა დიდი თავადი მის კაბინეტში შევიდა.იმპერატორის ძმამ კანცელარიის ხელმძღვანელს დაუყვირა:
-
პლატონ იგნატევიჩ!იოსელიანს თავი არ აუღია ქაღალდებიდან. დიდმა თავადმა ისევ მიმართა მას სახელით და მამისსახელით და პასუხად ისევ დუმილი მიიღო. მაშინ მეფის ნაცვალმა მეგობრულად შენიშნა:
-
როგორ დამავიწყდა - როცა ფილოსოფოსი მუშაობს, ხელის შეშლა არ შეიძლება.ამჯერად პლატონმა პასუხის ღირსი გახადა:
-
სრული ჭეშმარიტებაა, თქვენო უმაღლესობავ!პლატონ იოსელიანი თავის მეუღლეზე, ანა ბაგრატიონზე ოცდაათი წლით უფროსი იყო. ცოლის ოჯახს იგი "ფულის კვნეტიას" ეძახდა. ეს ყველაფერი თავადის მოგონებებში წერია.პლატონ იოსელიანის მეირ ნიკოს მამის სახელით იმპერატორისადმი მიწერილმა წერილმა შედეგი გამოიღო - ვალი აპატიეს.პირველი განათლება ნიკოლოზმა და მისმა ძმამ პარიკმახერის სახელში მიიღეს. თავადის აზრით, სწორედ პარიზიდან ჩამოსულ მუსიე ბერლიმონს შეეძლო მისი ვაჟებისთვის კარგი მანერებისა და, რაც მთავარია, ფრანგული ენის სწავლება. თავად ნიკო ბურის მოგონებების მიხედვით, პარიკმახერის ოჯახში მათ სამი წელი გაატარეს და მთელი ეს დრო წამებას უფრო ჰგავდა. თუმცა შედეგად, ბიჭებმა ისე კარგად შეისწავლეს ენა, რომ ქართული თითქმის დაავიწყდათ კიდეც. უფრო მეტიც, მამასთან საუბრისას თარჯიმანის დახმარება დასჭირდათ. მუსიე ბერლემონი ამბობდა, რომ "გაწვრთნა პატარა აზიატები".უფროს ძმასთან ერთად მოსაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ძმა პირველ კლასში შევიდა, ნიკო კი - მოსამზადებელში.
თავად ნიკოლზის მთავარი გატაცება მოგზაურობა იყო. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, გაემგზავრა საზღვარგარეთ.
ახალი ათასწლეულის დასაწყისში, ოცდათორმეტი წლის თავადი აფრიკაში, საფარაში წავიდა. რატომაც არა, მაშინ ხომ ბაგრატიონს ფულიც ბევრი ჰქოდა და დროც. იქ ქართველმა ბურების ომის შესახებ შეიტყო. ინგლისს დიდი ხანია ბურების რესპუბლიკის - ტრანსვაალის თავის კოლონიად შეერთება ჰქონდა გეგმაში. ნიკო ბურმა მაშინვე ბურების მხარეზე დაიწყო ბრძოლა.
როცა სიცოცხლის ბოლოს თავად ნიკოლოზს დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ბურების მხარეს ბრძოლა, ბაგრატიონმა აღიარა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ. "მაგრამ მომეჩვენა, რომ მათი ბედი ჩემი სამშობლოს ბედს ჰგავდა. ისინიც ჩვენსავით ყოველთვის ოცნებობდნენ დამოუკიდებლობაზე. და მივხვდი, რომ უნდა დამეცვა ბურები."


ნიკო ბაგრატიონი ბურებთან.

მეომარი ბურების დედაქალაქში, პრეტორიაში ჩასული ბაგრატიონ-მუხრანსკი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და გულწრფელად აღიარა, რომ კავკასიელი სტუმრის ვიზიტამდე საქართველოს შესახებ არაფერი სმენოდა.თავადი ფრანგულ კორპუსში გაამწესეს, რადგან კარგად იცოდა ფრანგული ენა. რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ, 1900 წლის 24 მარტს, ნიკო ტყვედ ჩავარდა. დაკითხვებს ინგლისური გაზეთის - "მორნინგ სთარის" ახალგაზრდა კორესპონდენტი, უინსტონ ჩერჩილი ესწრებოდა. მომავალი პრემიერი, სხვებივით გაკვირვებული იყო იმით, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი მეომარი ბურების რიგებში. განაჩენი უმკაცრესი გამოუტანეს - დახვრეტა.
ნიკო ბური

მაგრამ თითქმის გადაწყვეტილ სიკვდილს ნიკოლოზი საკუთარი გვარის და დედის ფოტოს წყალობით გადაურჩა. ფოტოს თავადი მუდამ ჯიბით ატარებდა და ხშირად ათვალიერებდა. ასე მოხდა დახვრეტის წინ - ნიკომ ჯიბიდან ამოიღო ფოტო და დახედა. ოფცერი, რომელიც დახვრეტას ხელმძღვანელობდა, დაინტერესდა, რას ათვალიერებდა ტყვე ასეთ დროს. მივიდა და ფოტო გამოართვა.მოგვიანებით ნიკო იხსენებდა, რომ დედის ფოტოს წართმევა მისთვის დახვრეტაზე უფრო საშინელი სასჯელი იყო. "მინდოდა, რომ დედაჩემის ფოტოსთან ერთად დავმარხულიყავი", - ამბობდა ის.
-
ვინ არის ეს? - შეეკითხა ინგლისელი და ფოტოზე აღბეჭდილ, ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ქალბატონზე მიუთითა.
-
დედაჩემია.პასუხის მოსმენის შემდეგ ოფიცერი დაინტერესდა თუ რა ეროვნების იყო თავად ნიკო, რომელიც ასევე წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ. როცა გაიგო, რომ ტყვე ქართველი იყო და ბაგრატიონ-მუხრანსკის გვარს ატარებდა, ბრიტანელი კიდევ უფრო დაინტერესდა.

-
რა გაკავშირებთ ცნობილ გენერალთან, პეტრე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან, რომელიც ნაპოლეონს ებრძოდა?
-
ჩემი ნათესავია, მიუგო ტყვემ.და ამ პასუხმა ნიკოლოზის ბედი გადაწყვიტა - დახვრეტა გააუქმეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისელი ოფიცერი დიდი თაყვანისმცემელი იყო სამხედრო გენიის - დიდი პეტრე ბაგრატიონის.შედეგად, სასიკვდილო განაჩენი შეიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით. ბედის ირონიით, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანსკიმ შვიდი თვე გაატარა კუნძულზე, რომელზეც სიცოცხლის უკანასკნელი წლების მანძილზე ცხოვრობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, ვის დამარცხებასთანაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა ქართველი თავადის წინაპარს.კუნძულზე გადასახლებული ტყვის ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმე იყო: უხდებოდა კარავში ძილი, ბალიშის მაგივრად თავქვეშ ქვიშით გავსებული ქურთუკი ედო, ლოგინის მაგოვრობას კი ფქვილით სავსე ტომრები უწევდა. გარდა ამისა, კუნძულზე ტიფის ეპიდემია დაიწყო და ტყვეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ბევრი დაიღუპა.მაგრამ ქართველი თავადი გადარჩა. იქნებ ამის მიზეზი იყო დაუძლეველი სურვილი სახლში დაბრუნების, დედის ნახვის და უმშვენიერეს საცოლესთან, ანასთან შეხვედრის, რომლის პორტრეტებსაც ფანქრით ხატავდა გადასახლების პერიოდში, შემდეგ კი ბაგრატიონების ოჯახში სათუთად ინახებოდა.იმ დროისთვის თავადის ბედზე მსოფლიოს წამყვან გაზეთებში იწერებოდა, სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს ნიკოს "ბური". წმინდა ელენეს კუნძულზე ევროპიდან და ამერიკიდან მოდიოდა გემები და ნიკო ბურისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. საბოლოოდ ბური გაათავისუფლეს. თუმცა კუნული ყოფილ ტყვეს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეტოვებინა. ნიკოს, ცხადია, იმ დროისთვის გროშიც არ ებადა, ამიტომ მთელი ხარჯები ერთ-ერთმა მეგობარმა ფრანგმა აიღო საკუთარ თავზე.სამშობლოში ნოკო ბური ნამდვილ გმირად დაბრუნდა. სანკტ-პეტერბურგში მას მას დედისგან წერილი და 1000 რუბლი ელოდა. მეგობრებს ვალი გაუსტუმრა, სასწრაფოდ აიღო ბილეთი და საქართველოში წამოვიდა.

ნიკოლოზ გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (ნიკო ბური) მეუღლესთან, ანა ბუჩკიაშვილთან ერთად.

1921
წლის შემდეგ ნიკო ბაგრატიონი ოჯახთან ერთად საფრანგეთში აპირებდა წასვლას. მაგრამ უკანასკნელ წუთში გადაიფიქრა ვერ შეელია სამშობლოს, რადგან საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოდგინა. უცხოეთში გაემგზავრნენ ნიკოს ქალიშვილები, სადაც მამის თანამებრძოლები ეხმარებოდნენ. თავად ნიკო ბური კი მეუღლესთან და ქალიშვილ ალექსანდრასთან ერთად თბილისში დარჩა.როცა ბაგრატიონის ქონება თითქმის მთლიანად მიითვისეს ბოლშევიკებმა, თავადი შეეცადა მოეთხოვა პენსია, როგორც "ბურების ომის მონაწილეს", და შესაბამისი განცხადება დაწერა საქართველოს მთავარი კომუნისტის, ნიკო ცხაკაიას სახელზე. მაგრამ, ცხადია, არანაირი პენსია თავად არ დაუნიშნეს.ნიკოლოზი თავს სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა. გაიყიდა ასევე ავეჯი და ნახატები, მაგრამ აღებული თანხიდან საკომისიოების დაფარვის შემდეგ თავადს კაპიკები შეხვდა.ნიკო ბაგრატიონ-მუხრანსკი გარდაიცვალა თბილისში, 1933 წელს. დაკრძალეს ძველ სასაფლაოზე, რომლის ადგილზე, მოგვიანებით ვერის პარკი გააშენეს...